გეუხერხულებათ მოღალატეებს რომ გეძახიან? არ გადამრიოთ - კობახიძეს რომ ჰგონია, შეუძლია მთელი საქართველო „დაიკიდოს“ და მაინც ის გააკეთოს, რაც თვითონ უნდა, ქუჩაში ვერ გავა, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნება, რადგან ქართველი ხალხისგან მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს ქვეყნის ღალატის გამო , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ.
„რადგან თავმჯდომარე შენიშვნებს იძლევა, კითხვა დასვით, აზრი არ გამოხატოთო, რიტორიკულ კითხვას დავსვამ - გეუხერხულებათ მოღალატეებს რომ გეძახიან? - არ გადამრიოთ. მოღალატეები ხართ ყველა, ვინც აქ ზიხართ და ასე ჩუმად გამოიტანეთ ეს კანონი, თქვენ ხართ პრორუსი მოღალატეები. არა მხოლოდ თქვენ, თქვენს შთამომავლობას გაჰყვება მოღალატეების სახელი და ამას უნდა შეეგუოთ. ასევე უნდა შეეგუოთ იმას, ბატონო კობახიძე რომ ზის, ხელებს რომ შლის, მაგარი ბიჭი რომ ჰგონია თავი და რომ ჰგონია, შეუძლია მთელი საქართველო „დაიკიდოს“ და მაინც ის გააკეთოს, რაც თვითონ უნდა, ქუჩაში ვერ გავა, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნება, რადგან ქართველი ხალხისგან მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს ქვეყნის ღალატის გამო და იმის გამო, რომ რასაც თქვენ ახალ აკეთებთ არის ის, რასაც ეს ქვეყანა არავის არასდროს აპატიებს და არ გაპატიებთ თქვენ. ამიტომ, შეეგუეთ, რომ ხართ მონები და პრორუსი მოღალატეები“, - განაცხადა ანა წითლიძემ.