"26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს რუსი ოლიგარქის კორუმპირებული ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ერთი წვიმაც კი მთელ ქვეყანაში გარდაუვალი პრობლემების წყაროა" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვილშვილმა განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რიკოთზე სერიოზული პრობლემები იქმნება, რის უკანაც ხელისუფლების უპასუხისმგებლობა და კორუფცია დგას.
"გადამწყვეტ არჩევნებამდე რჩება 62 დღე, როდესაც 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან რუს ოლიგარქს და მის კორუმპირებულ ხელისუფლებას. ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მოაგვაროს ქვეყნის წინაშე არსებული არც ერთი პრობლემა, რისი დასტურიც არის ის სატრანსპორტო და ინსტიტუციური კოლაფსი, რაც გუშინ ვიხილეთ. მაშინ როდესაც, თანამედროვე სახელმწიფოებში წვიმის შედეგად გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდეა დაყვანილი, ჩვენს ქვეყანაში წვიმაც კი გარდაუვალი პრობლემების წყაროდაა ქცეული კორუმპირებული ხელისუფლების ხელში. ერთ ძლიერ წვიმასაც კი შეუძლია კოლაფსი გამოიწვიოს, იზოლაციაში მოაქციოს და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს სოფლები და ქალაქები, ასობით ადამიანი, გააჩანაგოს საცხოვრებლები და მოსავალი, მრავალსაათიანი საცობები გამოიწვიოს დედაქალაქში და რაც მთავარია - გააჩეროს ტრანზიტული ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მაგისტრალი - რიკოთი, რომელზეც ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი მოძრაობს.
ნათელია, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული ორი მთავარი ამოცანიდან - გახადოს მგზავრობა უფრო სწრაფი და უფრო კომფორტული - ვერც ერთი ვერ სრულდება სწორედ მაშინ, როდესაც მოქალაქეებს ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვითხოვდით რიკოთის უსაფრთხოების აუდიტს, თუმცა ყოველ ჯერზე ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ პრობლემა არ არსებობს, ფაქტები კი საპირისპიროს აჩვენებს.
არა თუ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ამ ხელისუფლებამ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება ვერ შეძლო ისე, რომ წვიმა არ იწვევდეს დედაქალაქის და სხვა ქალაქების პარალიზებას და უსაფრთხოების პრობლემებს არ ქმნიდეს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ კრიზისის დროს არაერთი მოქალაქე აღნიშნავდა, რომ თვალით არ უნახავს სამართალდამცავები, რომელთა აქტიური ჩართულობა ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სიტუაციის მართვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის. მიუღებელია ისიც, რომ კრიზისის დროს, რომელიც არაერთ საათს გაგრძელდა და ასობით მოქალაქეს შეეხო, ხელისუფლება არ ახდენდა მოქალაქეთა სრულყოფილ და წინმსწრებ ინფორმირებას სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნილ ვითარებასთან, მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომ დახმარებასთან დაკავშირებით. მეტიც, არაერთი მოქალაქის განცხადებით, როცა თავად გადიოდნენ კავშირზე სხვადასხვა სამსახურთან, ზუსტ და რეალურ ინფორმაციას ვერ იღებდნენ, ამა თუ იმ ლოკაციაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში მოგებული პროექტები მუდამ კანონდარღვევებით, ხარვეზებითა და ვალდებულებების დარღვევით სრულდება, ან საერთოდ ვერ სრულდება.
"ეს ხდება იმიტომ, რომ ტენდერებს, იმ სამუშაოების შესასრულებლად, რომლებმაც საზოგადოების უსაფრთხოება და კომფორტი უნდა უზრუნველყოს, როგორც წესი, იგებენ ისეთი კომპანიები, ვისაც ამ სამუშოების ხარისხიანად და დროულად შესრულება არ შეუძლიათ, მეტიც ტენდერებს იგებენ კომპანიები, რომელთა საერთაშორისო რეპუტაციაც საეჭვოა, რომლებიც გახვეულნი არიან არაერთ სკანდალში, მათ მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, სანქცირებულნი არიან სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ.
იხარჯება მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო დახმარებები თუ გრანტები, გადის წლები, მაგრამ შედეგი მოქალაქეების საკეთილდღეოდ მაინც არ დგება, მოვლენიდან მოვლენამდე ხელისუფლება არაფერს ცვლის, რომ თავისი საქმიანობა გააუმჯობესოს და შეცდომებიდან მაინც ისწავლოს, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლების კორუფცია და უპასუხისმგებლობა. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისა და ვადების მნიშვნელოვანი გადაცილებისათვის, როგორც წესი, პასუხისმგებლობა არავის ეკისრება, სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია, ისინი რუსი ოლიგარქის დავალებებს ასრულებენ, ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებს მოემსახურონ. ამ ყველაფრის მძიმე ტვირთს კი მოქალაქეები ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენს თავზე.
რა უნდა შეიცვალოს, რომ მსგავსი კრიზისი აღარ შეიქმნას ერთი წვიმის პირობებში, ამაზე არაერთი კონკრეტული წინადადებით მივმართავდი ხელისუფლებას, მაგრამ მათ მართვის არანაირი რესურსი აღარ შერჩათ. ამიტომ 26 ოქტომბერს აუცილებელია მთლიანად ხელისუფლების ცვლილება, რასაც აუცილებლად მოჰყვება კორუფციის, არაპროფესიონალიზმის და უპასუხისმგებლო მმართველობის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა, რაც ჩვენი კოალიციის “ძლიერი საქართველოს” უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია, ამ ნაბიჯებს ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმისათვის, რომ შევქმნათ ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება არა რუსეთს, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, არამედ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.