დღეს ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს. აქ იმაზეც კი არ არის საუბარი, ვიღაც ეთანხმება თუ არ ეთანხმება გენდერული კვოტირების პრინციპს.
გენდერული კვოტების გაუქმების გადაწყვეტილება, ისევე როგორც - სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაში დელეგატების შემოღება და მინი-ფეოდალებისთვის საპარლამენტო მანდატების მიყიდვის შესაძლებლობის შექმნა, ცესკოს ლოიალური თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე წლით არის ერთი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილები. - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
"„ოცნების“ თითოეული ამ გადაწყვეტილების მიღმა, რეალურად დგას არჩევნების მოპარვის სურვილი:
„ოცნება“ ისევ სხვისი ხელით ცდილობს საკუთარი მიზნის მიღწევას - ცესკოს სრულად დაქვემდებარებას და ძალაუფლების გახანგრძლივებას. რაც ერთხელ უკვე გააკეთა ნაცმოძრაობასთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის სრულად ჩაბარებით.
სინამდვილეში, ამ გადაწყვეტილებით „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც მის სიტყვას და არც მის დაპირებას ფასი საერთოდ არ აქვს;
დაგვიდასტურა, რომ „ოცნება“ უკვე დამარცხებული პარტიაა, თუმცა, მის ყველა წევრს ჯერ ეს გააზრებული არ აქვს.
„ოცნება“ კიდევ ბევრჯერ მოახდენს კოლექტიური ოცნების ლუსტრაციას - არჩევნებამდე კიდევ ბევრ რამეს დაერქმევა თავისი სახელი და საზოგადოებისთვის ნათელი გახდება კოლექტიური „ოცნებისა“ და კოლექტიური „ნაცების“ რეალური სახეები და რეალური შემადგენლობა.
ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ გახარიას გუნდისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ მოცემული ხმა არ დაიკარგება - იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ხალხის მიერ მონიჭებული ნდობით და ვიბრძვით ჩვენი ღირებულებებისთვის!" - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, „გირჩის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებით, სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ აქვს - ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს მიიღებს