ჩვენი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს წერილობით მოსაზრებას ანუ გამოიყენებს ე.წ. სასამართლო მეგობრის ბერკეტს უკვე დაინიცირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც ნათელა თურნავას რუსული ბრძანების გაუქმებას ითხოვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ სპექტაკლის ერთადერთი მიზანია, თავად ივანიშვილის და მისი თანამზრახველებისთვის საერთაშორისო სანქციებისგან იმუნიტეტის შექმნა კორუფციით ნაშოვნი ფულის გადასარჩენად, საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე. რუსეთის აგენტის, დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა თავად ფარცხალაძისთვის და „ოცნებისთვის“ იდეალური გამოსავალია – ამ გადაწყვეტილებით ოთარ ფარცხალაძე გადის საქართველოს იურისდიქციიდან და პრაქტიკულად გამოირიცხება მის მიმართ საგამოძიებო, საპარლამენტო თუ სხვა რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირების მოხდენა.
რა არის დღეს რეალურად მთავარი? ნათელა თურნავას ხელით გამოცემული რუსული ბრძანებით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ფინანსური სანქციების გავრცელება შეიზღუდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მომავალში, „ოცნების“ ბოსების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსური შეზღუდვები მათზე ვერ გავრცელდება. ამ რუსული ბრძანების მიზანია 20-25 ადამიანის დაცვა.
შედეგად კი მძიმე ფასის გადახდა საქართველოს მოქალაქეებს უწევთ, რუსულმა ბრძანებამ უკვე გამოიწვია ქვეყნისთვის ათეულობით მილიონი ლარის ზიანი სავალუტო ბაზარზე რყევებით, ასევე გამოიწვია ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება. მომავალში ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგები დადგება – მათ სესხებზე გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება და ინფლაციის შედეგად, ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნაა, ნათია თურნავას რუსული ბრძანება უნდა გაუქმდეს.
„მოვუწოდებთ ყველას, ზოგი შეგნებულად, ზოგიც უნებურად, ნუ გახდებით ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლის მონაწილე და ყველამ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით მოვითხოვოთ, გაუქმდეს ნათელა თურნავას რუსული ბრძანება!
ჩვენი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს წერილობით მოსაზრებას, ანუ გამოიყენებს ე.წ. სასამართლო მეგობრის ბერკეტს უკვე დაინიცირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც ნათელა თურნავას რუსული ბრძანების გაუქმებას ითხოვს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.