არჩევნებზე „ოცნების“ სახეები იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც ოთხი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ პარლამენტში და ტრიბუნა არასდროს გამოუყენებიათ, მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და „ოცნების“ პარტიულ სალაროს ავსებდნენ, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ დასახელებული ე.წ. დელეგატების ძირითადი ნაწილი 2012 წლამდე „ნაცმოძრაობის“ სალაროს ავსებდა.
„ოცნებას“ მცდელობა აქვს, აღადგინოს მაჟორიტარული წესი და ამისთვის გააუქმა კვოტირება პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დახმარებით. ამით კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველოს მოქალაქეები, როცა სრულად პროპორციულ სისტემას იღებდა. ამ კორუმპირებული ფეოდალებით ჰპირდება დღეს „ოცნება“ ხალხს კეთილდღეობას. ამათ იმედად მყოფი ხელისუფლება გველაპარაკება კონსტიტუციურ უმრავლესობაზე. მაჟორიტარული წესის აღდგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნება“ ამ არჩევნებზე მთლიანად კორუფციასა და ძალადობაზე დგას. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ურტყამს არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას. ასევე, ფაქტია, რაც გუშინ ვიხილეთ, „ოცნებას“ განახლების რესურსი აღარ აქვს. შეხედეთ ამ სახეებს, ეს ხალხი არათუ ევროპაში ვერ შეგვიყვანს, არამედ პარტნიორებთან გაფუჭებულ იმ ურთიერთობასაც ვერ აღადგენენ, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში „ოცნებამ“ გააფუჭა. შესაბამისად, „ოცნების“ ბილბორდებზე გამოსახული ევროპის დროშა არის მხოლოდ ტყუილი და ფარსი“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
15 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა 22 დელეგატი, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.