„სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი, ბრძენი ხალხი. საბედნიეროდ, საქართველოში არის დემოკრატია და გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხის უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ არის საინტერესო, რას იტყვის და რას არ იტყვის სალომე ზურაბიშვილი. ვერ გეტყვით, რას უნდა ნიშნავდეს, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს, აქედან გამომდინარე, ჩემთვის სრულიად ნათელია ყველაფერი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის მიერ France 24-თან მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, შესაძლოა, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან. დემოკრატიული არჩევნები თუ გვექნება, საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია“.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან ყველაზე ახლოს არის „ქართული ოცნება“ და არჩევნებზე ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საერთოდ არ მინდა შეფასების გაკეთება. ეს ადამიანი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია. ყველა იყო ბედნიერი, ამაყი, გახარებული, ერთმანეთს ვულოცავდით ქართველი ხალხი ევროკომისიის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სამართლიან შეფასებას და ხედავდით, როგორი სახეებით იყვნენ ისინი. ეს ცალკე განსჯის საკითხია, რასაც ისტორია შეაფასებს და ქართველ ხალხს არასდროს მათი სასოწარკვეთილი სახეები დაავიწყდება. „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატებით იმპიჩმენტს ხელოვნურად გადარჩენილი სალომე ზურაბიშვილი დღეს საუბრობს მტკიცებით ფორმაში, თურმე როგორი უნდა იყოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს არის სირცხვილი. სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის, მთავარი კანონის დამრღვევი, ამის შემდეგ ყველაფერი ნათქვამია მასთან დაკავშირებით. მისი გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ქართველმა ხალხმა ყველაფერი კარგად იცის და ისე, როგორც არასდროს, ხელის გულზე დევს შავი და თეთრი არჩევანი. ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ქართველი ხალხი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ძლიერად მოვა. „ქართული ოცნება“ არის ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან ყველაზე ახლოს. სალომე ზურაბიშვილი ამ ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება. სჯობს, იფიქროს, როგორ აუხსნის ქართველ ხალხს იმას, რომ პატივი არ სცა და დაარღვია ქვეყნის ყველაზე მთავარი კანონი, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.