„ქართული ოცნების“ დღევანდელი მდგომარეობა, ლეგიტიმურობის დაკარგვის ქრესტომათიული მაგალითია. მსგავსი შემთხვევები ადრეც იყო: ღარიბაშვილის 25 თებერვლის განცხადების ან გახარიას გადადგომის მომენტში, ასევე 20 ივნისის მიტინგის დარბევის შედეგად, თუმცა ასეთი მასშტაბის რეპუტაციული ზიანი, როცა თავისიანებმაც კი არ დაუჭირეს ქოცებს მხარი, მაინც პირველად მოხდა. - ამის შესახებ საპარლამენტო დეპუტატი, "გირჩის" წევრი,  ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ნორმალურ დემოკრატიაში ეს პრობლემა რიგგარეშე არჩევნებით გვარდება. ჩვენთანაც ამ პირობებში ეს ყველაზე ადეკვატური გამოსავალი იქნებოდა. ოპოზიციის მოთხოვნაც ეს უნდა იყოს. ხოლო, ამის ნაცვლად ოპოზიციის ნაწილი „12 პუნქტზე მუშაობას“ რომ ითხოვს, ცოტა კომიკურად გამოიყურება. ამ მთავრობამ უნდა ჩაატაროს სასამართლო რეფორმა? თუ დეოლიგარქიზაცია? 


არადა, უკეთესია: ოქტომბერში არჩევნები და ერთწლიანი პარლამენტი, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება (ევროპელები დაგველოდებიან) და კონსტიტუციის ცვლილება, რომ 2024 წელს სრულად პროპორციული და უბარიერო არჩევნები ჩატარდეს. სწორი და ცივილიზებული გამოსავალი ესაა, ხოლო თუ რა დალაგდება რეალობაში, მხოლოდ დრო გვაჩვენებს.


p.s. ოპოზიციის ნაწილი უკვე 2-3 თვეა რაც 12 პუნქტზე მუშაობას უცნაურად აქტიურად ითხოვს, რადგან ცნობილია ევროპელების დიდი სურვილი მოგვანიჭონ ეს კანდიდატის სტატუსი. ქოცები უშლიან ამას ხელს, თორემ მართლა შეგვიძლია მივიღოთ. ამიტომ, როგორც ჩანს, ამ ფსევდო-კონსტრუქციულობით, ოპოზიციის ეს ნაწილი ცდილობს საკუთარ აქტივობას მიაწეროს კანდიდატის შესაძლო მიღება. ყოველ შემთხვევაში, მათი ასეთი უცნაური და არათანმიმდევრული პოზიციის სხვა ახსნა არ მაქვს.


p.s.2 ლეგიტიმურობა არის მზაობა დაემორჩილო და არა რაიმე ფორმალური პროცედურის შედეგი. როცა 2020 არჩევნების შემდეგ ამბობდნენ "პარლამენტი არალეგიტიმური არისო", ბევრს არც კი ესმოდა, თუ რას ამბობს, რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დღემდე ამ პარლამენტის კანონებს აღიარებს და ემორჩილება. ზუსტად ეს აღიარება და მზაობა დაემორჩილო არის ლეგიტიმურობა. ხოლო, როცა მომიტინგეები "კანონიერ ბრძანებას" არ ემორჩილებიან, ეს ლეგიტიმაციის დაკარგვაზე მიუთითებს. რაც უფრო მასშტაბურია ასეთი დაუმორჩილებლობა ან ამ დაუმორჩილებლობის გამართლება, მით ნაკლებია მთავრობის ლეგიტიმურობა." - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.