აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყველა ვიზაზე განაცხადის მიღებას აჩერებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც Fox News-მა მოიპოვა, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, ვიზებზე უარი თქვან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სანამ დეპარტამენტი გადახედავს შემოწმებისა და უსაფრთხოების პროცედურებს.

Fox News-ის ცნობით, დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა სომალი, რუსეთი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვა.

მემორანდუმის თანახმად, შეჩერება 21 იანვარს იწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, სანამ დეპარტამენტი გადახედავს ვიზების დამუშავების პროცედურებს.

შვეიცარიული გამოცემა Blick-ის ცნობით, ქვეყნების სრული სია მოიცავს ავღანეთს, ალბანეთს, ალჟირს, ანტიგუა და ბარბუდას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბაჰამის კუნძულებს, ბანგლადეშს, ბარბადოსს, ბელარუსს, ბელიზს, ბჰუტანს, ბოსნიას, ბრაზილიას, მიანმარს, კამბოჯას, კამერუნს, კაბო-ვერდეს, კოლუმბიას, კოტ-დ’ივუარს, კუბას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, დომინიკას, ეგვიპტეს, ერიტრეას, ეთიოპიას, ფიჯის, გამბიას, საქართველოს, განას, გრენადას, გვატემალას, გვინეას, ჰაიტის, ირანს, ერაყს, იამაიკას, იორდანიას, ყაზახეთს, კოსოვოს, ქუვეითს, ყირგიზეთს, ლაოსს, ლიბანსს, ლიბერიას, ლიბიას, მაკედონიას, მოლდოვას, მონღოლეთს, მონტენეგროს, მაროკოს, ნეპალს, ნიკარაგუას, ნიგერიას, პაკისტანს, კონგოს რესპუბლიკას, რუსეთს, რუანდას, სენტ-კიტსს და ნევისს, სენტ-ლუსიას, სენტ-ვინსენტს და გრენადინებს, სენეგალს, სიერა-ლეონეს, სომალს, სამხრეთ სუდანს, სუდანს, სირიას, ტანზანიას, ტაილანდს, ტოგოს, ტუნისს, უგანდას, ურუგვაის, უზბეკეთს და იემენს.

2025 წლის ნოემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით თავის მისიებს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც საკონსულო ოფიცრებს მკაცრი შემოწმების წესების დანერგვის მითითება მისცა.

შემოწმების ახალი წესების თანახმად, საკონსულოს ოფიცრები ვალდებულნი არიან უარი თქვან ვიზების გაცემაზე იმ განმცხადებლებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო დახმარებაზე იქნებიან დამოკიდებულნი. ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ჯანმრთელობაზე, ასაკზე, ინგლისური ენის ცოდნაზე, ფინანსურ მდგომარეობაზე და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების პოტენციურ საჭიროებაზედაც კი.