უკრაინული გამოცემა Interfax Ukraine-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნისთვის საჭირო ათი Patriot-ის სისტემიდან, უკრაინამ დასტური ჯერჯერობით სამ სისტემაზე მიიღო, ხოლო დანარჩენ პარტნიორებთან დამატებით შვიდ სისტემაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

"მე გერმანიისგან ოფიციალურად მივიღე დადასტურება ორ სისტემაზე, ნორვეგიისგან - ერთზე. ამჟამად ვმუშაობთ ნიდერლანდელ პარტნიორებთანაც," თქვა ზელენსკიმ. 

მისი თქმით, უკრაინა "რაკეტების საკითხზე მუშაობს, ჩვენ რაკეტები გვაქვს," მაგრამ "წარმოების ლიცენზიასთან" დაკავშირებით მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

ზელენსკიმ დაამატა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიჰყიდის, თუმცა მთავარი სამუშაო ათივე სისტემისთვის დაფინანსების გამონახვაა. 

"ჩვენ გვინდა, რომ თითოეული სისტემისთვის რაკეტების პაკეტი გვქონდეს," თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.