უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან თავის მიმართვაში განაცხადა, რომ თუ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ვერ გაიმარჯვებს, საფრთხე დაემუქრება რუსეთის ყველა მეზობლებსა და მსოფლიოს დემოკრატიას.
„ახლა რუსული ბოროტება ტკივილითა და სიკვდილით დარტყმებს აყენებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს. მაგრამ ღიად უნდა ვთქვათ, რომ ის უკრაინას არ დასჯერდება. ჩვენი ქვეყნის შემდეგ მათ სურთ ეს ტანჯვა მიაყენონ ევროპას და შემდეგ მთელ მსოფლიოს. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს გესმით... რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება, თუ უკრაინა ვერ გაუძლებს“, - განაცხადა ზელენსკიმ დ აღნიშნა, რომ უკრაინა შეძლებს გადარჩენას და სურს, რომ პარტნიორებმა ეს გაიგონონ, დაინახონ და იგრძნონ.
„პუტინი დარწმუნებული იყო, რომ სისასტიკეს შეუძლია გადაწეროს მთელი კონტინენტის ისტორია. მას სჯეროდა მხოლოდ ძალის, ძალადობის და ამიტომაც არის დასუსტებული. ჩვენ გვჯერა სრულიად საპირისპიროსი და ამიტომ ერთად ჩვენ ვძლიერდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის.
შვედეთში, ნიდერლანდებსა და დანიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის 42, ხოლო დანიისგან 19 ავიაგამანადგურებელს მიიღებს. შვედეთში კი მხარეები შეთანხმდნენ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის წარმოებასა და უკრაინელი მფრინავების მომზადებაში Gripen-ის გამანადგურებლების სამართავად.