აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ერთ-ერთ ვიდეოგამოსლაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეადარა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ვიდემიმართვაში განაცხადა, რომ 2008 წლის 8 აგვისტო არის „საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დღე“, რომელიც საქართველოს ისტორიაში „სამარცხვინო“ დღედ დარჩება. ინალ არძინბას თქმით, 2008 წელს ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ივარაუდა, რომ მას შეეძლო რუსეთის დამარცხება", მაგრამ 15 წლის შემდეგ "ის აღმოჩნდა ციხეში თავისივე სამშობლოში - თანაც ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ".
„დღეს რუსოფობიის კიდევ ერთმა მსხვერპლმა, ზელენსკიმ გამოიწვია რუსეთი. იმის გამო, რომ არ ჰქონდა საჯარო მმართველობის გამოცდილება, დაუდევრად და არაპროფესიონალურად, თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო, საფრთხე შეუქმნა უკრაინის, როგორც გეოპოლიტიკური რეალობის არსებობას. დასავლელმა კურატორებმა, თავიანთი ხალხების ბუნებრივი წნეხის გამო, უკვე დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტისგან დისტანცირება. და სად იქნება ზელენსკი 15 წლის შემდეგ? კითხვა რიტორიკულია“, - განაცხადა ინალ არძინბამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებსა და რუსეთ-უკრაიანის ომის შესახებ საუბრისას.