უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ, ისტორიული უწოდა. ამის შესახებ მან დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც იწყება ისტორიული პასუხისმგებლობა", - თქვა მან.
"ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები ომის დანაშაულში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში - ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადაყვანაში ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე."
მისი თქმით, პუტინის ბრძანების გარეშე ასეთი დანაშაული ვერ მოხდებოდა.
"ტერორისტული სახელმწიფოს უმაღლესი ლიდერის ბრძანების გარეშე ასეთი დანაშაულებრივი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ბავშვების ოჯახებისგან გამოყოფა, ნათესავებთან დაკავშირების ყოველგვარი შესაძლებლობის ჩამორთმევა, ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დამალვა, შორეულ რეგიონებში მათი გაფანტვა - ეს ყველაფერი აშკარად რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკაა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ბოროტება. რაც სწორედ ამ ქვეყნის პირველი პირით იწყება." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.