რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე მოხალისეებისა და დაქირავებული მებრძოლების „დისკრედიტაციისა“ და მათ შესახებ „ყალბი“ ამბების გავრცელების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, – ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.
რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისა“ და მის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების შესახებ მუხლი რუსეთის კანონმდებლობაში გასული წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებისთანავე გაჩნდა. ახლა ეს კანონი მოხალისეებზე და დაქირავებულ მებრძოლებზეც გავრცელდება.
კანონი შემუშავდა კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ინიციატივით, რომელმაც იანვარში სახელმწიფო დუმის სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მედია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პატიმრებს ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს.
აღნიშნული კანონის დარღვევისთვის სასჯელი გამკაცრდა. სამიდან ხუთ წლამდე გაიზარდა პატიმრობა „ყალბი ამბების" გავრცელებისთვის და „დისკრედიტაციისთვის“ დამამძიმებელი გარემოებების გარეშე. შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალიწინებს „დისკრედიტაცია“ საპროტესტო გამოსვლების მოწოდებებით ან მძიმე შედეგებით.