უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კოალიცია, რომელიც ეხმარება უკრაინას, იბრძოლოს მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ, არ დაუჭერს მხარს კიევს, თუ ის საომარ მოქმედებებს რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანს.
"ვფიქრობ, ეს დიდი რისკია, ჩვენ აუცილებლად დავრჩებით მარტო“, - ასე უპასუხა მან უკრაინული ჟურნალისტის კითხვას, მოვიდა თუ არა დრო, საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზეც გადავიდეს.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მხოლოდ მისი ტერიტორიების დაბრუნებისთვის იბრძვის.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მას სჯერა, რომ შესაძლებელია "რუსეთს უბიძგო დემილიტარიზაციისკენ" ყირიმში პოლიტიკური საშუალებებით.
ბოლო რამდენიმე თვეა, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის დედაქალაქსა და რეგიონებზე გახშირდა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.