რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა  ყირიმის ხიდთან მომხდარ აფეთქებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მას პასუხი მოჰყვება.

მისივე თქმით, ყირიმის ხიდზე შეტევის მცდელობების გარდა, ღამით ნახევარკუნძულს 20 უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა.

„მტკიცედ ვგმობთ ამ ტერორისტულ თავდასხმებს. ყირიმის ხიდი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტია და მასზე თავდასხმა დაუშვებელია. ის ასეთივე თავდასხმის ქვეშ მოექცა გასული წლის შემოდგომაზე. რამაც ადამიანთა შორის მსხვერპლი გამოიწვია. უკრაინის შეიარაღებული ძალები, დასავლეთის მასშტაბური დახმარების მიუხედავად, ვერ ახერხებენ შეცვალონ საომარი შეტაკებების ხაზზე ვითარება, ცდილობენ უღირსი ტერორისტული მეთოდებით თავს დაესხნენ სამოქალაქო ობიექტებს და მშვიდობიან მოსახლეობას“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, მსგავსი „დივერსიები“ საერთაშორისო საზოგადოებას „არწმუნებს“ კიევის „რეჟიმის“ ჭეშმარიტ არსში.

„მსგავს ბარბაროსულ აქტებს არ აქვს გამართლება და მათ პასუხის გარეშე არ დავტოვებთ“, - განაცხადა ზახაროვამ.