ავიაკატასტროფა, რომლის დროსაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი და მისი რამდენიმე თანამოაზრე დაიღუპა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ორგანიზებული იყო. ამის შესახებ The Wall Street Journal დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოების წყაროებზე და რუსეთის დაზვერვის ანონიმურ, გადამდგარ ოფიცერზე დაყრდნობით იუწყება.
WSJ-ის გამოძიების თანახმად, პატრუშევმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, პრიგოჟინის საფრთხისა და მისი "ზედმეტად დიდი" პოლიტიკური და სამხედრო გავლენის შესახებ ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში გააფრთხილა.
თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინმა არ მოუსმინა გაფრთხილებებს, რადგან ვაგნერელები იმ დროს აქტიურად აშუქებდნენ უკრაინის ფრონტზე წარმატებებს.
Wall Street Journal-მა დაადგინა, რომ მხოლოდ პატრუშევს არ გამოუთქვამს მსგავსი შეშფოთება. როგორც გამოცემას კრემლის ანონიმურმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომელიც პერიოდულად როგორც პუტინთან, ასევე პატრუშევთან მუშაობდა, "ყველამ უთხრა პუტინს, რომ პარალელური ჯარის ყოლა შეცდომა იყო" და პრიგოჟინის საქციელი, რომელიც "ყოველდღიურად აფურთხებს სახეზე სამხედრო ხელმძღვანელობას, რუსეთის პრობლემაა."
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, რომელიც კონტაქტს ინარჩუნებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან და რუსეთის ფედერაციის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დაახლოებულ ადამიანებთან, დამოკიდებულება მაშინ შეიცვალა, როდესაც ოქტომბერში პრიგოჟინმა პუტინს დაურეკა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო გალანძღა. WSJ-ის ცნობით, ამ ზარს პატრუშევიც შეესწრო.
ამის შემდეგ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ისარგებლა სიტუაციით და პუტინი დაარწმუნა, პრიგოჟინისგან დისტანცირებულიყო.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ვაგნერის დამფუძნებელი საშიში გახდა და "შეწყვიტა კრემლის ავტორიტეტის პატივისცემა."
2023 წლის ივნისის დასაწყისში, ჟურნალისტები იხსენებენ, რომ კრემლმა ფაქტობრივად გამოაცხადა ვაგნერის, როგორც დამოუკიდებელი საბრძოლო ნაწილის ლიკვიდაციის გეგმები, რითაც მებრძოლებს უბრძანა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულიყვნენ.
როგორც WSJ წერს, როდესაც 23 ივნისს პრიგოჟინმა მოსკოვისკენ ლაშქრობა დაიწყო, სწრაფად მოძრაობდა რუსეთის ტერიტორიაზე, პუტინი თავის ერთ-ერთ რეზიდენციაში იმყოფებოდა რუსეთის დედაქალაქიდან მოშორებით. შემდეგ პატრუშევმა "აიღო სიტუაცია ხელში," მოაწყო "სატელეფონო ზარების სერია" და რუს ოფიცრებს, რომლებიც პრიგოჟინს თანაუგრძნობდნენ სთხოვა, მასთან დაკავშირება ეცადათ.
გამოცემის წყაროების თანახმად, პრიგოჟინმა კრემლის ხუთ ზარს არ უპასუხა. რუსეთის ხელისუფლება ყაზახეთის შუამავლობას იმედოვნებდა, როგორც "დაზღვევას ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში," მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, დისტანცირებული იყო კონფლიქტისგან და უარი თქვა დახმარებაზე.
საბოლოოდ, პრიგოჟინის აჯანყება ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დახმარებით "მოგვარდა."
The Wall Street Journal-ს რუსეთის დაზვერვის ყოფილმა ანონიმურმა ოფიცერმა განუცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში პატრუშევმა თავის თანაშემწეს უბრძანა, პრიგოჟინის ლიკვიდაციის გეგმა შეემუშავებინა. დასავლური სადაზვერვო სააგენტოები ამტკიცებენ, რომ პუტინს ეს გეგმა მოგვიანებით აჩვენეს და ის, სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ ყოფილა.
23 აგვისტოს ვაგნერის დამფუძნებელი შერემეტიევოს აეროპორტში იცდიდა, სანამ მისი თვითმფრინავი შემოწმდებოდა და ასაფრენად ემზადებოდა, სწორედ მაშინ, ფრთის ქვეშ პატარა ბომბი ჩადეს, რომელიც აფრენიდან ნახევარ საათში აფეთქდა.
კრემლი უარყოფს მის მონაწილეობას პრიგოჟინის სიკვდილში. პატრუშევმა და სხვა რუსმა ოფიციალურმა პირებმა არ უპასუხეს კომენტარისთვის WSJ-ის თხოვნას.