გასულ კვირებში რეჟიმის მიერ მოწყობილი უპრეცედენტოდ მასშტაბური რეპრესიების მიუხედავად ირანში ახალი საპროტესტო მუხტი იკრებს ძალას, რომლის მცირე კერებიც უკვე ჩანს ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში. ამის შესახებ Wall Street Journal ქვეყანაში თავის წყაროებზე, სხვადასხვა ქალაქებიდან გავრცელებული ვიდეოების ვერიფიკაციისა და უკვე გამართული არაერთ საპროტესტო აქტივობის ანალიზზე დაყრდნობით წერს.
მასალის ავტორების შეფასებით, მოსახლეობის უკმაყოფილება არსად წასულა და ამ უკმაყოფილების გამოხატვის ყველაზე ხშირი ადგილი რეჟიმის მსხვერპლების დაკრძალვები და ხსოვნის საღამოებია.
"მგლოვიარე ოჯახები თავიანთი შვილების დაკრძალვებზე რეჟიმის საწინააღმდეგო სლოგანებს ავრცელებენ. სტუდენტები უარს ამბობენ რეჟიმის მიერ თავსმოხვეული პატრიოტულ სიმღერებზე. მედიკოსები საჯაროდ აპროტესტებენ თავიანთი კოლეგების დაკავებას, რომლებიც დაშავებული დემონსტრანტების მკურნალობის გამო დააპატიმრეს. ხოლო, ადგილობრივი აქტივისტური და პროფესიული ჯგუფები მოსახლეობას უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის დამხობისკენ მოუწოდებენ"- ნათქვამია მასალაში.
რეჟიმის დამხობის მოწოდებები ისმოდა მიმდინარე კვირას მაშდადში, თავრიზსა და შირაზში გამართულ დაკრძალვის ცერემონიებზე. "სიკვდილი ხამენეის" - სკანდირებდნენ ადგილობრივი სტუდენტები რეჟიმის მიერ მოკლული მათი მეგობრების ხსოვნის საღამოებზე.
მჯდომარე პროტესტს მიმართეს შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე დღის განმავლობაში, რომლის მიმდინარეობისას ისმოდა საპროტესტო გამოსვლების მხარდამჭერი სლოგანები.
თეირანის რამდენიმე სკოლაში იყო შემთხვევები, როდესაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის სავალდებულო შესრულებაზე.
უპრეცედენტოდ მასშტაბური და სასტიკი რეპრესიების ტალღას მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა ქვეყნის სახელოვნებო სივრცის წამომადგენელებისგან, მათ შორის არიან ცნობილი მსახიობები, სცენარისტები და მომღერლები.
ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს საპროტესტო კოლექტიური წერილით გამოეხმაურნენ მედიკოსთა და მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფები.
გასულ დღეებში ახალი შეკრებებისკენ მოუწოდა მოსახლეობას თეირანის ბაზრის - სწორედ ბაზარი გახდა ბოლო საპროტესტო აქციების მთავარი კერა - მოვაჭრეთა გაერთიანებამ.
საპროტესტო შეკრების თარიღად 17-18 თებერვალი შეირჩა - სწორედ ამ დღეს 40 სრულდება რეჟიმის მსხვერპლთა გარდაცვალებიდან, რა დროსაც შეკრება და მსხვერპლების გახსენება მნიშვნელოვანი შიიტური ტრადიციაა.
თავის მხრივ, ისლამური რესპუბლიკის პასუხი არაერთგვაროვანია - ერთის მხრივ გრძელდება იმ ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას, თუმცა მეორეს მხრივ ისინი გარკვეულ დათმობებზეც მიდიან.
იანვრის მიწურულს საპატიმროდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ახალგაზრდა დემონსტრანტი ერფან სოლთანი, რომლის შემთხვევამაც გლობალური მედიის ყურადღება მიიპყრო.
ამასთანავე, ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მალე დაიწყებს ქალებისთვის ორთვლიანი ტრანსპორტის მართვის მოწმობების გაცემას.
ირანში განვითარებულ საპროტესტო აქციებში მსხვერპლის შესახებ ცნობები არაერთგვაროვანია, თუმცა ერთ-ერთი უფლებადამცველი ჯგუფის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია 7 000 ათასი მოკლული და 40 ათასზე მეტი დაპატიმრებული.
თავის მხრივ, ისლამური რესპუბლიკა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ჯამურად 3 ათასი ადამიანის სიკვდილისა, ასობით დაპატიმრებულის შესახებ აცხადებს.








