ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნება დართო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის მთელ საზღვრისპირა მონაკვეთზე გამოიყენონ ამერიკული შეიარაღება, თუმცა მისი მაქსიმალური რადიუსი 100 კილომეტრითაა განსაზღვრული. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პენტაგონის წარმომადგენელი ჩარლი დიტცი ამბობს, რომ აშშ-მ ნება დართო უკრაინას გამოიყენოს ამერიკული შეიარაღება საპასუხოდ იმ გეოგრაფიულ წერტილებზე, საიდანაც რუსეთი ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს. 

"ეს არ არის გეოგრაფიის ან კონკრეტული რადიუსის საკითხი, ეს არის საღი აზრი, თუ რუსეთი უტევს უკრაინას საზღვრის მეორე მხრიდან უკრაინასაც უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მიიტანოს დარტყმები იმ ობიექტებზე საიდანაც მათზე ხორციელდება შეტევები",- ამბობს დიტცი. 

გადაცემული შეიარაღების გამოყენების წესების შერბილების მიუხედავად ნარჩუნდება შეზღუდვებიც და ამ 100 კილომეტრიან ზონაში არ შედის რუსეთის ის სამხედრო აეროდრომები, რომლებზეც რუსეთის სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციაა ბაზირებული. 

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ მოკავშირეების გადაწყვეტილებამ უკრაინისთვის დადებითად შეცვალა ბრძოლის ველზე ვითარება. ბელგოროდში ამერიკული შეიარაღების შეტევის შედეგად განადგურდა რუსული C300-C400-ის სისტემები, რის შემდეგაც ხარკივის მერის თქმით, სარაკეტო თავდასხმები ქალაქზე შესამჩნევად შემცირდა.