რუსეთის დუმის სპიკერი კრემლის შენობაზე მომხდარ ე.წ. თავდასხმას გამოეხმაურა.
"პრეზიდენტზე განხორციელებული ტერაქტი ეს რუსეთზე თავდასხმაა. აუცილებელია კიევის ნაცისტური რეჟიმის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება",- წერს ვოლოდინი.
რუსეთის დუმის სპიკერის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომელსაც გასული წლის 24 თებერვალს მიზეზგარეშე დაესხა თავს რუსეთი იმავენაირად საშიშია, როგორც ალ-ქაიდა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები.
"დასავლეთის პოლიტიკოსებმა, რომლებიც ზელენსკის რეჟიმს იარაღით ტენიან უნდა გაიაზრონ, რომ არამხოლოდ სპონსორები, არამედ ტერორისტული საქმიანობის მონაწილეებიც გახდნენ",- წერს ვოლოდინი.
რუსეთის დუმის სპიკერის თქმით, მომხდარის შემდეგ ზელენსკის რეჟიმთან ნებისმიერი მოლაპარაკებები გამორიცხულია.
"ჩვენ მოვითხოვთ იმ შეიარაღების გამოყენებას, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს და გაანადგუროს კიევის ტერორისტული რეჟიმი."