უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია. განცხადება ზელენსკიმ Associated Press-სთან ინტერვიუში გააკეთა.
ზელენსკის თქმით, მას სურს სი ძინპინთან საუბარი.
"ჩვენ მზად ვართ, ის აქ ვიხილოთ. მე მსურს მასთან საუბარი. მე მქონდა მასთან კონტაქტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, მაგრამ ამ წლის განმავლობაში აღარ მქონია კონტაქტი", - თქვა ზელენსკიმ.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 20-22 მარტს რუსეთში იმყოფებოდა. ის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. წყაროები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ძინპინი ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავდა.
WSJ-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ სი ძინპინი, სავარაუდოდ, ცდილობს უკრაინაში მიმდინარე რუსული ომის დასრულებაში უფრო აქტიური შუამავლის როლი მოირგოს.
გამოცემა მიუთითებდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს არაერთხელ სთხოვა დრონებით და საბრძოლო მასალებით მომარაგებაში დახმარება, რასაც ჩინეთის ხელმძღვანელობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილავს. როგორც დაზვერვის წყაროები ამბობდნენ, ჩინეთი აღჭურვილობის მიწოდებისკენ მეტად იხრება - გასული კვირების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთი რუსეთისთვის პოტენციური სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილეს.