უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები სუმის ოლქის სოფელ რიჟივკაში პროპაგანდისტული ოპერაციის მოწყობას შეეცადნენ. თუმცა მისი თქმით, უკრაინული ძალები სუმის ოლქში ვითარებას სრულად აკონტროლებენ.
„ოკუპანტმა პროპაგანდისტული ოპერაციის განხორციელება სცადა. დღეს დილის მდგომარეობით, სოფელში რუსეთის დროშა განადგურებულია, ოკუპანტები იქ არ იმყოფებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ხარკოვის ოლქში უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. ყველაზე უფრო რთული სიტუაცია, პრეზიდენტის ცნობით, დონეცკის ოლქშია:
„უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი პოზიციების სტაბილიზაციისა და დაცვისთვის“.
მისი თქმით, სამხრეთის მიმართულებით ვითარება ძირითადად უცვლელია და უკრაინელები თავიანთი პოზიციების გაძლიერებას განაგრძობენ.