უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულ მხარეს არ გადაუცია ე.წ. მემორანდუმი არც აშშ-ისთვის, არც უკრაინისთვის და არც თურქეთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის დაპირება გასცეს.
„სიტყვები მოსკოვთან არ მუშაობს. ე.წ. მემორანდუმიც კი, რომლის დაპირებაც გასცეს და, როგორც ჩანს, ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ, ჯერ კიდევ არავის უნახავს. უკრაინას არ გადასცეს. არც ჩვენს პარტნიორებს“, – აღნიშნავს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ახალი დღის წესრიგი თურქეთსაც კი არ გადასცა – ქვეყანას, რომელმაც პირისპირ შეხვედრას უმასპინძლა.
„ისინი სრულიად საპირისპიროს გვპირდებოდნენ. უპირველეს ყოვლისა, დაპირდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ტრამპს. კიდევ ერთი რუსული მოტყუება. კიდევ ერთი რუსული ტყუილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „შეხვედრები ცარიელი იყოს“, რაც კიდევ ერთი მიზეზია მათზე სანქციების გზით ზეწოლის გაძლიერებისთვის.