უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე ბალისტიკურ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება. მისი განცხადებით, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება.
„რუსი ტერორისტები ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხნენ დედაქალაქს. სამწუხაროდ, ტიპური ურბანული უბნის სახლები დაზიანდა. ამჟამად ცნობილია ხუთი დაშავებულის შესახებ. ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.
ჩვენ არასდროს დავიღლებით იმის გამეორებით, რომ უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება. ის უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანთა სიცოცხლეს . ყველა ჩვენგანმა მსოფლიოში, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, უნდა შევაჩეროთ ეს ტერორი." - აცხადებს ზელენსკი.
რუსმა ოკუპანტებმა 25 მარტს კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. უკრაინელებმა ორივე ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის ოთხ რაიონში ჩამოცვივდა.