უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს ვიდეომიმართვისას მოუწოდა მხარი დაუჭირონ შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის სამიტს პერსონალური მონაწილეობით.
ზელენსკიმ აღნიშნული მიმართვა დაბომბილი ჩაწერა ხარკოვიდან რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული გამომცემლობის ტერიტორიიდან, სადაც დამწვარი წიგნები ჩანს.
„ახლა ხარკოვში ვარ. ეს არის ქალაქი აღმოსავლეთ უკრაინაში და, სამწუხაროდ, ძალიან ახლოს რუსეთის საზღვართან. რას ნიშნავს ეს ხარკოვისთვის? მუდმივი ტერორის მესამე წელი. ამ ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანია. და ყოველ ღამე, ყოველ დღე, რუსული არმია ბომბავს ქალაქს. ყველაზე მეტად - S-300 რაკეტებით. ეს არის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს ტერორისთვის. ახლა ხარკოვში არ არის ქალაქის არც ერთი უბანი და არც ერთი ქუჩა, რომელიც არ ზარალდება ამ მუდმივი ცინიზმისგან”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობის სამიტი იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომელთა მოტყუებასაც რუსეთი ვერ შეძლებს.
„საჭიროა გლობალური ძალისხმევა – მშვიდობის სამიტი იმ ლიდერების მონაწილეობით, რომელთა მოტყუებასაც რუსეთი ვერ შეძლებს. სამიტი, რომელიც აჩვენებს, მსოფლიოში ვის სურს ნამდვილად ომის დასრულება და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთება, რომელიც აუცილებლად დაირღვევა რუსული რაკეტებით და არტილერიით, როგორც ეს აქამდე უამრავჯერ მომხდარა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა შვეიცარიასთან ერთად ამზადებს ასეთ სამიტს, რომელიც 15 ივნისს დაიწყება და მასში მონაწილეობა 80-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა.
მადლობა ყველას, ვინც ნამდვილად გვეხმარება მშვიდობის დაახლოებაში. მივმართავ მსოფლიოს ლიდერებს, რომლებიც მშვიდობის სამიტის მომზადების გლობალური ძალისხმევისგან ჯერ განზე დგანან, პრეზიდენტ ბაიდენს, აშშ-ის ლიდერს, პრეზიდენტ სის, ჩინეთის ლიდერს. ჩვენ არ გვსურს, რომ გაეროს წესდება დაიწვას ისევე, როგორც ეს წიგნები. ვიმედოვნებთ, რომ ეს არც თქვენ გსურთ. გთხოვთ, გამოავლინეთ თქვენი ლიდერობა ნამდვილი მშვიდობის მოახლოებაში და არა დარტყმებს შორის პაუზის. მსოფლიოს უმრავლესობის ძალისხმევა არის ვალდებულების შესრულების საუკეთესო გარანტია. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ მშვიდობის სამიტს თქვენი პერსონალური ლიდერობითა და მონაწილეობით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.