ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გეგმავს, რამდენიც საჭირო იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ მშვიდობა „ძალით უნდა იყოს მიღწეული“ და პირველ რიგში, ეს უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების გარანტიებს, როგორც უკრაინის, ასევე ევროპის დასაცავად.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას ასევე უნდა შეეძლოს თავისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვა და ასევე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები მის შეიარაღებულ ძალებზე – მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და სხვა ქვეყნებისგან დახმარების მიღების საკითხებში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს უკრაინის გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს მე-5 მუხლის მსგავს „უსაფრთხოების გარანტიებში“.

„საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლა არ უნდა მოხდეს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინამ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილებები არ უნდა იქნას მიღებული უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ვიდრე უკრაინაში სისხლისღვრა გაგრძელდება, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს. უკრაინა უნდა გახდეს ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის მოუნელებელია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

თარგმანი: პირველი არხი