უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის ინიციატივა, გამოეთქვათ პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც უკრაინული მედია, პოლონურ რადიო RMF FM-ზე დაყრდნობით იუწყება, პოლონეთი გამოდიოდა ინიციატივით, შეეჩერებინათ პატიმრობის ვადა სააკაშვილისთვის, რათა მას საზღვარგარეთ მკურნალობა შესძლებოდა. აღნიშნული წინადადება უნდა შესულიყო ევროკავშირის დიპლომატიურ პროტესტში, რომლის გამოხატვასაც ოფიციალური თბილისის მიმართ აპირებდნენ.
გასულ კვირას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის მკურნალობისთვის სააკაშვილის მისაღებად. პოლონეთის წინადადებას, უნგრეთის გარდა, მხარი ყველამ დაუჭირა. ევროკავშირის დიპლომატები ახლა ცდილობენ, დაარწმუნონ უნგრეთის ხელისუფლება, რომ შეცვალოს პოზიცია.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი