უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის დილის ანგარიშის მიხედვით, მათ რუსეთს გაუნადგურეს გასული ღამის განმავლობაში გამოყენებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა.
ირკვევა, რომ დრონებით თავდასხმის ძირითადი სამიზნე ოდესის ოლქი იყო.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებზე თავდასხმებისთვის ყირიმიდან გაუშვეს 13 დრონი Shahed-136/131. გარდა ამისა, ჩრდილოეთიდან გამოყენებული იყო საავიაციო რაკეტა Х-59 და 1 დამრტყმელი დრონი, რომლის სახეობა ჯერჯერობით დაუდგენელია. უკრაინის არმიის სხვადასხვა ქვედანაყოფმა გაანადგურა 14-ვე დრონი და 1 რაკეტა.
ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებული ერთ-ერთი დრონის ფრაგმენტებმა ოდესის რაიონში საპორტო საწყობის სახურავი დააზიანა. არავინ დაშავებულა.
მისივე ცნობით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქში ჩამოაგდეს რუსეთის 9 უპილოტო საფრენი აპარატი.