ვარშავამ ევროკომისიას პოლონეთის გავლით უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გასაზრდელად შეფასებები მიაწოდა. პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, პოლონეთი 1 მილიარდ ევროს ინვესტიციას ითხოვს.
€500 მილიონი საჭიროა სატვირთო მანქანების სასაზღვრო ტერმინალების გაფართოებისთვის დოროგუსკ-იაგოძინის, გრებენ-რავა რუსკას, კორჩოვა-კრაკოვეცის საგუშაგოებზე, აგრეთვე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე.
თანხის მეორე ნახევარი უნდა მოხმარდეს პოლონეთსა და უკრაინას შორის სარკინიგზო სასაზღვრო გადასასვლელების მოდერნიზაციას, სატვირთო მანქანების ტერმინალების მშენებლობას და საზღვარზე სატვირთო მოძრაობის მართვის ინფრასტრუქტურის შექმნას.
ეს ინფორმაცია PAP-თან ინტერვიუში პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ანჟეი სადოსმა დაადასტურა.
"წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ გვინდა გავზარდოთ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი მესამე ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკაში. თუმცა ამას ინვესტიციები სჭირდება და ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს კონკრეტულ თხოვნას ევროკომისიის მიმართ ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდის შესახებ." – ციტირებს სააგენტო მის სიტყვებს.