უკრაინის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს ქონება (27 მილიონ დოლარზე მეტი) დააყადაღა, იტყობინება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) პრესსამსახური. სააგენტოს ცნობით, საუბარია ევროპის უმსხვილესი მეტალურგიული საწარმოს, ზაპოროჟიეს ფეროშენადნობთა ქარხნის აქციების 13,7%-ზე.
SBU-ს ცნობით, მარჩენკო ამ აქტივებს ოთხი ოფშორული კომპანიის მეშვეობით ფლობდა. "აქტივების დაყადაღება დაიცავს მათ ნომინანტებზე გაყიდვის ან ხელახალი რეგისტრაციისგან და მომავალში მათი გადაცემის საშუალებას მოგვცემს ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
SBU-ს პრესსამსახურმა გაიხსენა, რომ მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ უკვე დააყადაღა მარჩენკოს ქონება, რომლის მოცულობაც ექვს მილიარდ გრივნაზე მეტი იყო.
ოქსანა მარჩენკო ვიქტორ მედვედჩუკის მესამე ცოლია. უკრაინაში იგი ეჭვმიტანილია რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსებაში. 23 თებერვალს სასამართლომ მისი 5,6 მილიარდი გრივნას (დაახლოებით 152 მილიონი დოლარი) ღირებულების აქტივები დააყადაღა. ამის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ, მარჩენკოს სხვადასხვა ქონების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია, სულ მცირე, ორჯერ გაავრცელა.
აპრილში უკრაინის ხელისუფლებამ მარჩენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა. ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე, სავარაუდოდ, მოსკოვში ცხოვრობს.