თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა და ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ამის შესახებ BBC წერს.
მალე, ადგილობრივი მედია წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას დაიწყებს. მეორე ტურში კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.
ორივე კანდიდატმა ბოლო წინასაარჩევნო მიტინგი სტამბოლში გამართა.
პრეზიდენტი ერდოღანი მოქალაქეებს არჩეული კურსის გაგრძელება და მსოფლიო ასპარეზზე თურქეთის პოზიციები განმტკიცებას ჰპირდება. ის ასევე გამოვიდა დაპირებით, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში პენსიები და სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები გაიზრდება. ერდოღანი ოპოზიციას თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ქურთ მუშათა პარტიის“ მხარდაჭერაში სდებს ბრალს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
ერდოღანი მეორე ტურში კამპანიის დროს აქცენტს თურქეთში მყოფი სირიელი პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაზე აკეთებდა. თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციას დასავლეთის მიერ მართულებს უწოდებს და ოპონენტს სიძულვილის ენით საუბრის გამო აკრიტიკებს.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე საუბრობდა. ის ასევე გამოდიოდა ქვეყანაში მყოფი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პირობით. მან ერდოღანი პირადად დაადანაშაულა თურქეთში მიგრანტების შემოშვებაში.
ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება და ქვეყანა სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად ისევ საპარლამენტო რესპუბლიკას იქცევა.
არჩევნების პირველ ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს დაახლოებით 2,5 მილიონი ხმით აჯობა.