ტულუზაში, რანგეის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებამ კატასტროფას ბეწვზე გადაურჩა. კვირა დილით ადრე, საავადმყოფოში პაციენტი მივიდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვით სწორ ნაწლავში. საავადმყოფოში გამნაღმველი სპეციალისტების გამოძახება გახდა საჭირო. 

რანგეის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში დილის დაახლოებით 3:00 საათზე მამაკაცის მისვლას საფუძვლიანი მიზეზით განგაშის გამოცხადება მოჰყვა: პაციენტის სწორ ნაწლავში აუფეთქებელი საბრძოლო მასალა იყო.

ოპერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აფეთქების ან ხანძრის ნებისმიერი რისკის თავიდან ასაცილებლად საავადმყოფოში მივიდნენ პოლიციელები, მეხანძრეები და ბომბის გაუვნებელყოფის ექსპერტები. ოპერაციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა: ბომბის გაუვნებელყოფის ორმა სპეციალისტმა სწორი ნაწლავიდან საბრძოლო მასალა ამოიღო და გააუვნებლა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაციენტის სწორი ნაწლავიდან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული ჭურვის, დიამეტრით 3.7 სმ და სიგრძით დაახლოებით 20 სმ, ფრაგმენტი ამოიღეს. სპეციალისტის თქმით, ჭურვი არასდროს გამოუყენებიათ და, შესაბამისად, სიფრთხილის ზომების დაუცველობის შემთხვევაში მისი აფეთქების დიდი ალბათობა იყო.

კითხვა, როგორ აღმოჩნდა ჭურვი მამაკაცის სწორ ნაწლავში, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება. პაციენტი, რომლის მდგომარეობაც უმჯობესდება, უახლოეს საათებში დაიკითხება.