2023 წლის დასაწყისიდან დღემდე ხმელთაშუა ზღვა 100 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა და იტალიაში ჩავიდა. ამ რაოდენობის მიგრანტი იტალიაში მთელი 2022 წლის განმავლობაში ჩავიდა. ამ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.
ერთი წლის წინ, იმავე პერიოდში, იტალიაში 48 000 მიგრანტი ჩავიდა, წინა წელს კი 33 000.
წელს იტალიაში შესვლის მცდელობისას 2000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი დაიღუპა.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოსიმ განაცხადა, რომ არალეგალური მიგრანტების რეკორდული რაოდენობა "ეპოქალური მიგრაციული ზეწოლის შედეგია, რომელიც დაკავშირებულია ტუნისში დრამატულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან."
მან აღნიშნა, რომ ამჟამად მუშავდება დოკუმენტი უსაფრთხოების შესახებ, რომელიც გავლენას მოახდენს მიგრანტების მდგომარეობაზე, კერძოდ, დააჩქარებს რეპატრიაციის ტემპს.
ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის მონაცემებით, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში 176 100-მა ადამიანმა უკანონოდ სცადა ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა. ეს არის უკანონო გადაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ პერიოდში 2016 წლის შემდეგ.