აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდოს, რადგან, მისი თქმით, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს. ამის შესახებ მან CNN-ის მიერ ნიუ-ჰემფშირში ორგანიზებულ Town Hall-ზე განაცხადა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ომის დამნაშავედ, მან თქვა: "ვფიქრობ, ეს ახლა არ უნდა განიხილებოდეს."
"თუ თქვენ იტყვით, რომ ის არის ომის დამნაშავე, გაცილებით რთული იქნება ამ საკითხის მოსაგვარებლად შეთანხმების დადება", - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები "მოგვიანებით" უნდა განიხილონ.
ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს "ძალიან ჭკვიანი" და "ძალიან ეშმაკი" უწოდა. ამასთან, მას მიაჩნია, რომ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმით სერიოზული შეცდომა დაუშვა.
"მისი შეცდომა ის იყო, რომ შეიჭრა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ის არასდროს შეიჭრებოდა", - აღნიშნა მან.