ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია აქვეყნებს.
საიმიგრაციო ფედერალურ ხელისუფლებას მიეცემა უფლება, დააკავონ ადამიანები და განახორციელონ აღსრულების მოქმედებები ისეთ ადგილებში და მის მახლობლად, როგორიცაა ეკლესიები, საავადმყოფოები და სკოლები, რაც დიდი ხნის წინანდელი იმ პოლიტიკიდან გადახვევაა, რომელიც ე.წ. მგრძნობიარე ადგილებიდან საიმიგრაციო და საბაჟო აღმასრულებლების თავის არიდებას გულისხმობდა.
შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ბენჯამინ ჰაფმანის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან გააუქმა ორი დირექტივა, მიანიჭა აგენტებს მეტი აღსრულებითი უფლებამოსილება სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში და აღმოფხვრა ლეგალური გზა მიგრანტებისთვის, რომლებიც ცდილობენ შეერთებულ შტატებში ჩასვლას.
პირველი დირექტივა „აუქმებს ბაიდენის ადმინისტრაციის მითითებებს“, რომელიც კრძალავს იმიგრაციის აღსრულებას ე.წ. „ფაქიზ ზონებში“. კრიმინალები ვეღარ შეძლებენ დაიმალონ ამერიკის სკოლებსა და ეკლესიებში, რათა თავიდან აიცილონ დაპატიმრება. ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენს მამაც სამართალდამცავ ოფიცრებს ხელებს არ შეუკრავს და ისინი საღი აზრით იხელმძღვანელებენ, - ნათქვამია განცხადებაში.
ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად განსხვავებული იქნება სამართალდამცავი ორგანო ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციაში, წერს „სიენენი“ და აღნიშნავს, რომ ემიგრანტების უფლებების დამცველების მტკიცებით, ამ პოლიტიკის გაუქმება შიშს დათესავს ემიგრანტთა საზოგადოებებში და ბავშვებს სკოლაში სიარულში, ხოლო ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს კი დახმარებისთვის საავადმყოფოებში მისვლაში შეუშლის ხელს
მეორე დირექტივა მოიცავს პირობით ვადამდე გათავისუფლების პროგრამების ეტაპობრივ შეწყვეტას. პროგრამების საშუალებით ზოგიერთი მიგრანტი შეერთებულ დროებით ცხოვრების და მუშაობის უფლებას იღებს. რესპუბლიკელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოროტად გამოიყენა პირობითი გათავისუფლების პროგრამა და გააფართოვა იგი მრავალ ეროვნებაზე. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული რომელი პროგრამების შეწყვეტა მოხდება, მაგრამ ნათქვამია, რომ პროგრამა „ინდივიდუალურ ბაზას“ დაუბრუნდება.
„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ ბოროტად გამოიყენა ჰუმანიტარული პირობითი გათავისუფლების პროგრამა, რათა განურჩევლად დაუშვას 1,5 მილიონი მიგრანტი ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე დღეს შეწყდა. ეს ქმედება დაუბრუნებს ჰუმანიტარულ პირობით გათავისუფლების პროგრამას თავდაპირველ მიზანს - მიგრანტების ინდივიდუალურ განხილვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მეორე დირექტივა დაუყოვნებლივ აღადგენს ეგრეთ წოდებულ „დაჩქარებულ გაძევებას“ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ უფლებამოსილებით, აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ორგანოს (ICE) შეუძლია სწრაფად დეპორტირება ქვეყანაში დაპატიმრებული ნებისმიერი უკანონოდ მყოფი იმ პირის, რომელიც ვერ დაამტკიცებს, რომ ის მუდმივად იმყოფება შტატებში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.