დადიანების სასახლის ეზოში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2007 წელს გაყიდული  995 კვადრატული მეტრი მიწა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

ზუგდიდის მერიასა და შპს „ლაზეთი გრუპს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მეპატრონის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის სოციალურ-კულტურული ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, ყოფილი ამფითეატრი კვლავ ქალაქის საკუთრებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლების პერიოდში აღნიშნული ტერიტორია 2007 წელს, ამავე პარტიასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, მოგვიანებით კი პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ქარდავამ შეიძინა. შემდგომში ქარდავამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გია უბირიაზე გაასხვისა, უბირიასგან კი აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2020 წელს 20 მარტს შპს „ლაზეთი გრუპმა“ შეიძინა.

„ქალაქის შუაგულში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დადიანების ისტორიულ ეზოში გასხვისებული მიწა კვლავ დაუბრუნდა ქალაქს. ჩვენ მერიასთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ამ ტერიტორიაზე  მოეწყოს სოციალურ-კულტურული დატვირთვის სივრცე. მიღებული შეთანხმებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მინდა მადლობა გადავუხადო, ცენტრალურ ხელისუფლებას და ყველა იმ პირს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“ - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია ქალაქისთვის დაბრუნებულ მიწის ტერიტორიაზე სოციალურ-კულტურული ობიექტის მოწყობას გეგმავენ. პროექტზე მუშაობის პროცესში შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.