აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 31 ივლისს თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბრისას უკრაინაში რუსეთის ქმედებებს "საზიზღრობა" უწოდა და განაცხადა, რომ აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს იმ ფონზე, როცა 29 ივლისს ტრამპის მიერ რუსეთისადმი წაყენებული ულტიმატუმის 10-დღიანი ვადა იწურება.

"დიახ, სანქციებს დავუწესებთ. არ ვიცი, აღელვებს თუ არა მას სანქციები, მათ იციან სანქციების შესახებ, ყველაზე უკეთ ვიცი სანქციებზე, ტარიფებსა და სხვა ყველაფერზე. არ ვიცი, თუ ექნება ამას რაიმე გავლენა, მაგრამ ამას გავაკეთებთ." - თქვა ტრამპმა. 

"ჩემი აზრით, საზიზღრობაა, რასაც რუსეთი აკეთებს. ეს ბაიდენის ომია და არა - ჩემი, მაგრამ მე ვთქვი, რომ ჩართვის შემთხვევაში მის შეჩერებას შევეცდებოდი, მაგრამ მგონია, რომ რასაც რუსეთი აკეთებს, ძალიან სამწუხაროა. ბევრი რუსი იღუპება, უამრავი რუსი." - განუცხადა მან რეპორტიორებს. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ისრაელში ვიზიტის შემდეგ რუსეთშიც ჩავა. 

ცნობისთვის, ტრამპმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა.