თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება" და "ეკონომიკურად განავითარებს".
ლივიტის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს, ღაზაში რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მან ასევე დაამატა, რომ ტრამპს არანაირი ვალდებულება არ აუღია ღაზაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით.
"უარვყოფდი თქვენი კითხვის წანამძღვრებს, რომ ეს აშშ-ს აიძულებს, საზღვარგარეთ კონფლიქტებში გაეხვიოს. პრეზიდენტს არ აუღია ვალდებულება ღაზაში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით. მან ასევე თქვა, რომ აშშ არ გადაიხდის ღაზის რეკონსტრუქციის ხარჯებს. მისი ადმინისტრაცია რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმუშავებს, რათა რეგიონის აღდგენა მოხდეს". - თქვა ლივიტმა.
ცნობისთვის, 4 თებერვალს დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება" და მის ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.