ევროპარლამენტის დეპუტატი კატარინა როტ ნევედალოვა ასეთ განცხადებას  თავის ფეისბუქ გვერდზე აკეთებს, სლოვაკური სააგენტოები კი მის ამ განცხადებას ტირაჟირებენ.  

„გაზს თუ გამოგვირთავენ, ჩვენ მათ დენს გამოვურთავთ. ეს მარტივია. ჩვენ ყველა ვიხდით მათთვის, ისინი იქცევიან თავხედურად და ეწინააღმდეგებიან ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. რატომ უნდა გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, რატომ უნდა გვქონდეს ჩაჭედილი თავში მათზე ფიქრი?“ - წერს თავის ფეისბუქზე ევროპარლამენტარი კატარინა როტ ნევედალოვა და აკრიტიკებს კლავიატურიდან მებრძოლ სლოვაკებს, რომლებიც ბრატისლავის ბინებში თბოელექტროსადგურის მიერ საძულველი რუსული გაზის ხარჯზე გამომუშავებული დენით გამთბარ ბინებში სხედან და ძვირად ღირებული საწვავით გათბობა უნდათ.  

გამოდით სახლებიდან, მიდით სოფლად მცხოვრებ იმ ხალხთან, რომლებიც სახლს საკუთარი გათბობის ქვაბებით ათბობენ და თამამად უთხარით ეს მათ.  მე ნამდვილად ვიცი გაზის ფასი, თქვენთვის კი ეს ფასი ჩამალულია ბინის საერთო გადასახადებში და შესაძლოა არც კი იცოდეთ რა ღირს.  თქვით უარი გაზზე, იყიდეთ ელექტრო ღუმელი და გათბით. როცა უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შევწყვეტთ, საკმარისი ელექტროენერგია გვექნება. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სლოვაკეთის ენერგიის მიმწოდებელ კომპანიაში და ფასთა სხვაობის ხარჯზე დაზოგილი თანხა შესწიროთ  საქველმოქმედო ორგანიზაციებს. ისინი ამით კმაყოფილები დარჩებიან, თქვენ კი იქნებ ასე მაინც დაამშვიდოთ სინდისი, - ამბობს კატარინა როტ ნევადალოვა და განაგრძობს: 

არ ვიცი, აქვს თუ არა სისულელეს საზღვარი, მაგრამ ოპოზიციის ყოველი მომდევნო ქმედების დროს ვგრძნობ, რომ სისულელე სულ უფრო და უფრო მატულობს. ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტის ქედმაღლობა.

ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდათ დაფარონ ელექტროენერგიის ნაკლებობა, თუ სლოვაკეთი მათ მიწოდებას შეუწყვეტს. ეს არც ისე მარტივია, როგორც წარმოუდგენიათ. ელექტრო ქსელები გათვლილია გარკვეული დატვირთვით მუშაობაზე და გათვალისწინებულია არა აღმოსავლეთის, არამედ დასავლეთის მიმართულებით  მიწოდებაზე. ზედმეტმა დატვირთვამ შეიძლება ის საერთოდ შეიძლება გამოიყვანოს მწყობრიდან. პოლონელები, რუმინელები და უნგრელები ადვილად დაითვლიან, უღირთ თუ არა რისკი და ექნებათ თუ არა მათ ეს საკმარისი ენერგია. ზელენსკის ამპარტავნულ განცხადებას იმის შესახებ, რომ სხვები დაეხმარებიან ჯერჯერობით ამ სამი ქვეყნის მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია და სიჩუმესაც კი თავისი მჭევრმეტყველური ღირებულება აქვს.

სლოვაკეთი ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდება მოხოვცეს მე-4 ბლოკის დასრულების შემდეგ. ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა და ამით საკმაო შემოსავალს ვიღებთ. ბირთვული საწვავი მოიძებნება. ეს საკმაოდ მოგებიანი პროდუქტია და დღემდე შემოგვაქვს რუსეთიდან. ევროგაერთიანებაში არის ამის აკრძალვის მცდელობა, მაგრამ ასეთი აკრძალვა ჩვენი მხარდაჭერის გარეშე არ მოხდება და ეს მხარდაჭერა უახლოეს მომავალში გამორიცხულია. და თუ რუსული ბირთვული საწვავი სანქციების სიაში მოხვდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. ისევე, როგორც „აკრძალული“ რუსული გაზის შემთხვევაში, რომელიც აქ ყველას შემოაქვს სხვა ქვეყნებიდან შუამავლების მეშვეობით და გაზრდილი მარჟა ამშვიდებს მათ სინდისს. სლოვაკეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც ღიად საუბრობს და არ იმალება მოჩვენებითი პრინციპულობის მიღმა. 

კატარინა როტ ნევადალოვა მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირში არსებულ ბიუროკრატიას და ამბობს, რომ ევროპული პოლიტიკა ინდივიდების ინტერესების შესაბამისად და მათი გადაწყვეტილებები ყალიბდება.

ევროგაერთიანება საღი აზრის ნაკლებობას განიცდის. კონკურენტუნარიანობა ეცემა, გადაჭარბებული ბიუროკრატია ანადგურებს მრეწველობას და სოფლის მეურნეობას და ჩვენი ინოვაციები დიდი ხანია აღარ არის საინტერესო. ჩვენთან კოლონიალიზმი ყველა ფრონტზე ბრუნდება და ჩვენ განადგურებისკენ მივდივართ. სტრატეგიული აზროვნების ნაცვლად, ჩვენ ფოკუსირებას ვაკეთებთ პრინციპებზე და მწვანე მომავალზე. ევროპის ეკონომიკა გაიზარდა აღმოსავლეთის იაფი ენერგიის, კვალიფიციური შრომისა და იდეების წყალობით. ახლა კი ჩვენ თავად ვამბობთ უარს იაფ ენერგიაზე, კვალიფიციური მუშახელი თანდათან ვანაცვლებთ რობოტებით და ხელოვნური ინტელექტით და რადგან ჩვენ ბევრი რეგულაციები გვაქვს, ჩვენი „ტვინები" ადგილს პოულობენ იქ, სადაც უკეთესად იხდიან, - აცხადებს ევროპარლამენტარი და დასძენს:  

ჩვენ გვჭირდება ძლიერი გერმანია, რომელიც შეწყვეტს ეკო-ტერორისტებისა და აქტივისტების მოსმენას და განაახლებს თავის ეკონომიკას, თუნდაც ბირთვული ენერგიის ხელახალი მხარდაჭერით, ქვანახშირის ქარხნების დახურვით და მრეწველობის მხარდაჭერით. ვნახოთ, როგორ დასრულდება მათი არჩევნები 23 თებერვალს და ვინ განსაზღვრავს მათ მომავალ კურსს. იმედი ვიქონიოთ, იქნება ისეთი ცვლილებები, როგორიც მაშინ, როცა ურსულას პონის მგელს დაესხა თავს და ამიტომ ევროკავშირმა შეარბილა მგლების დაცვის პოლიტიკა. ასე, პიროვნებების და მათი ინტერესების გათვალისწინებით ევროპული პოლიტიკის ფორმირება. 

კატარინა როტ ნევედალოვა სლოვაკეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია.  2009-2014 წლებში იგი ევროპარლამენტში ევროპელი სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი იყო. 2022 წლიდან კატარინა როტ ნევედალოვა კვლავ ევროპარლამენტარია. ევროპარლამენტის საიტის თანახმად, ის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრია და არცერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ არის გაერთიანებული. პლენარულ სხდომებზე მისი ბოლო გამოსვლები ენერგორესურსების ფასებს, მათზე ხელმისაწვდომობას, სოფლის მეურნეობის და სამრეწველო სექტორის პროდუქციის ევროპულ კონკურენტუნარიანობას და ევროკავშირის ფერმერების და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მუშახელის პრობლემებს ეხება.