მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, RT-ის მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტი ქსენია სობჩაკის სავარაუდო დაგეგმილი "მკვლელობის მცდელობის" საქმეზე, მერვე ბრალდებული დააკავა. როგორც TASS სასამართლოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, საუბარია არასრულწლოვანზე, რომელიც ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს (სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ის პატიმრობაში 14 სექტემბრამდე დარჩება.
გამოცემა "მედიაზონა", სასამართლოს განჩინებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებული მოსკოვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე არტემ რ. 17 ივლისს დააკავეს. მას და კიდევ შვიდ პირს "აზიური ეროვნების ადამიანების ხულიგნური მოტივით ცემაში" ედებათ ბრალი.
"მედიაზონას" ინფორმაციით, დაცვის მხარე ითხოვდა, რომ მოსწავლე წინასწარი დაკავების იზოლატორში არ გადაეყვანათ, რადგან ის მეორე ჯგუფის შშმ ბებიას უვლის და მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი "შეიძლება, დაუდგენელ თანამზრახველებთან შევიდეს კონტაქტში", გააყალბოს მტკიცებულებები ან დაიმალოს.
15 ივლისს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა "მარგარიტა სიმონიანისა და ქსენია სობჩაკის მკვლელობის მცდელობების" პრევენციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სადაზვერვო სამსახურის ცნობით, მკვლელობა, სავარაუდოდ, მოამზადეს "ნეონაცისტებმა Paragraph-88 ჯგუფიდან, რომლებიც სიმონიანისა და სობჩაკის სამუშაო და საცხოვრებელ მისამართებზე დაზვერვას ახორციელებდნენ".
იმავე დღეს, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ შვიდი ეჭვმიტანილი დააკავა. მათგან ოთხი არასრულწლოვანია, კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვანი იყო. ამასთან, პრესრელიზში არ იყო ნახსენები, რომ ახალგაზრდები სიმონიანსა და სობჩაკზე "მკვლელობის მცდელობის" მომზადებასთან დაკავშირებით დააკავეს. გამომძიებლების თქმით, ბრალდებულები "ხულიგნური მოტივით ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, ეროვნული სიძულვილით მოტივირებული, განსაკუთრებული ცინიზმითა და თავხედობით, თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს".
RT-მა 18 წლის მიხაილ ბალაშოვის დაკითხვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც საკუთარ თავს Paragraph-88 ჯგუფის შემქმნელს უწოდებს. მისი თქმით, ის და მისი მეგობრები თავს დაესხნენ "არასლავური გარეგნობის პირებს", რის შემდეგაც მათ, სავარაუდოდ, "უკრაინის სპეცსამსახურები დაუკავშირდნენ".
"პირველ რიგში, სარელეო კარადების დაწვა შემოგვთავაზეს. მოგვიანებით, მარგარიტა სიმონიანისა და ქსენია სობჩაკის პირობითი მკვლელობა შემოგვთავაზეს. მე მარგარიტა სიმონიანის საცხოვრებელ ადგილს ვზვერავდი, რისთვისაც ფული მივიღე. ამის შემდეგ, დავუკავშირდი კურატორს, რომელსაც ჩემთვის ფული და კალაშნიკოვი უნდა დაეტოვებინა. როცა იმ ადგილას მივედი, სადაც ეს იარაღი უნდა ყოფილიყო, უშიშროების სამსახურმა დამაკავა", - ამბობს ბალაშოვი ვიდეოში.
ნეონაცისტური ასოციაცია NS/WP-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა Insider-ს განუცხადა, რომ მისი სხვა წევრები, რომლებიც სიმონიანსა და სობჩაკის "მკვლელობის მცდელობის" მომზადების ბრალდებით დააკავეს, ოფიციალურ დაკავებამდე ერთი დღით ადრე, აწამეს და ჩვენებები გამოსძალეს. გამოცემის თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ FSB-ის ოფიციალური პრესრელიზი დაკავების შესახებ 15 ივლისს გავრცელდა, ეჭვმიტანილები 14 ივლისის ღამეს დააკავეს და მთელი დღე აწამეს, აიძულებდნენ, დაეზეპირებინათ "ჩვენების" ტექსტი. "მათ აწამებენ, ახრჩობენ, ერთს ხელი აქვს მოტეხილი", - ციტირებს NS/WP-ის წევრს The Insider-ი. მისი თქმით, სულ ხუთი ადამიანი დააკავეს, ერთი კი გაათავისუფლეს. მან ორი დაკავებულის გვარი დაასახელა - ესენი არიან იეგორ საველიევი და სერგეი კოროლენკოვი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქმეში ჩართული არიან დაკავებულები გვარებით ნოვიკი, ზახაროვი, გუსევი და იემელიანოვი, აღნიშნავს The Insider.