ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
შვედური მედიის ცნობით, ნორბოტენში მცხოვრები 70 წლის ქალი ფუნთუშეულს ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფების მეშვეობით 2019 წლიდან ყიდდა, თუმცა მისი ბიზნესი რეგისტრირებული არ იყო, სამზარეულოს კი შესაბამის ორგანოების მიერ გაცემული ფუნქციონირების ნებართვა არ გააჩნდა. მუნიციპალიტეტმა ქალი რამდენჯერმე უშედეგოდ გააფრთხილა, ბოლოს კი დააჯარიმა, თუმცა ქალმა ჯარიმა არ გადაიხადა და საქმიანობა გააგრძელა.
2024 წლის შემოდგომაზე სასამართლომ ქალს ჯარიმის გადახდასთან ერთად თვე-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა. ქალმა განაჩენი გაასაჩივრა და საოლქო სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლახან გამოტანილი დადგენილებით, მას ჯარიმა მოეხსნა, თუმცა ძალაში დარჩა ექვსკვირიანი პატიმრობა.
ქალის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი განაჩენით გაოგნებულია და ვერ წარმოუდგენია, როგორ აიტანს თვე-ნახევრით ციხეში ყოფნას. ადვოკატმა განმარტა, რომ ქალს ფინანსური სირთულეები ჰქონდა დაკისრებული ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით, რადგან ის პენსიონერია. თავად ქალი ამტკიცებს, რომ ცხობა მისთვის ბიზნესი არ არის, ის უბრალოდ ყიდის გამომცხვარ პროდუქტებს ინგრედიენტების ხარჯების დასაფარად. ცხობა ჩემთვის ჰობია და სხვებს ჩემ გამოცდილებას სიამოვნებით ვუზიარებ სოციალური მედიის საშუალებით, - ამბობს პენსიონერი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა რთულია, მაგრამ ის კვლავ განიხილავს უზენაეს სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას" - აცხადებს ადვოკატი.