შვედური მედიის ინფორმაციით, შვედეთის მთავრობა დღეს 2026 წლის ბიუჯეტს წარადგენს.
შვედური გამოცემა „ექსპრესენის“ ცნობით, სამთავრობო კოალიციაში ე.წ. ტიდოს შეთანხმებით შემავალ პარტიებს ბიუჯეტის შედგენისას შვედეთის რეცესიიდან გამოყვანის საჭიროება და ის ფაქტი ჰქონდათ გასათვალისწინებელი, რომ 2026 წელი არის საარჩევნო წელი.
„ექსპრესენი“ აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი გახდა ამ ბიუჯეტის ზოგიერთი კომპონენტი. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შემცირდება გადასახადები მიღებულ შემოსავალზე კიდევ ერთი საგადასახადო კრედიტის ხარჯზე, შემცირდება ელექტროენერგიის გადასახადი და განახევრდება დამატებითი ღირებულების გადასახადი საკვებ პროდუქტებზე.
შვედეთის ხელისუფლებამ როგორც ჩანს გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 30% პენსიონერები არიან და სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტების გაიაფების შესახებ ადრე გაცხადებული პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გააფართოვა. ძვირად ღირებული მომსახურების გაფართოების შედეგად ხანდაზმულები სტომატოლოგიურ მომსახურებაში საბაზისო ფასის მხოლოდ ათი პროცენტს გადაიხდიან.
ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლებისა და ბინადრობის ნებართვის არმქონე გარკვეული პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების სპეციალური ფინანსური წესების, ე.წ. 50-კუპიურის გაუქმებას და ხანდაზმულთა მოვლის პერიოდის გახანგრძლივებას. გარდა ამისა, ბიუჯეტი იძლევა ხანდაზმულთა სამედიცინო და მომვლელ პერსონალს ანაზღაურებად სამუშაო საათებში ტრენინგის გავლის საშუალებას.