სასამართლო პროცესის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ბრუკლინის ციხეში მყოფ შონ "დიდი" კომბსს ორი ახალი ბრალდება წარუდგინეს. საქმეს სექსუალური ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის რამდენიმე ახალი ეპიზოდი დაემატა. ამ დრომდე არსებული ბრალდებები 2007-2018 წლამდე პერიოდს მოიცავდა, ამჯერად კი ფაქტები 2021-დან 2024 წლამდე გამოვლენილ დანაშაულს ეხება.
ახალი ბრალდების მიხედვით, ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავმა მსხვერპლები მოტყუებით გასაიდუმლოებულ ადგილზე წაიყვანა და პროსტიტუციაში ჩართვა აიძულა. რეპერის ადვოკატები უარყოფენ, რომ დაზარალებულები სექსუალურ ორგიებში იძულებით მონაწილეობდნენ.
უკვე ცნობილია, რომ ნაფიც მსაჯულებს "დიდის" წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს რეპერის ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა. მუსიკოსი მას 2007-დან 2018 წლამდე ხვდებოდა. ამ ეპიზოდში რეპერის წინააღმდეგ მეტყველებს ის სკანდალური კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ქომბსი პარტნიორს. ეს ვიდეო საქმეში მთავარი მტკიცებულებაა. კესი ვენტურამ მოძალადე რეპერს ჯერ კიდევ 2023 წელს უჩივლა, თუმცა მოულოდნელად სარჩელი უკან გაიხმო.
დახურულ სხდომაზე დაკითხავენ კიდევ სამ სავარაუდო მსხვერპლს, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს. მათი ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ანონიმურ მოწმეებს შორის იყო ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ლეგენდარულმა მუსიკოსმა ის 13 წლის ასაკში გააუპატიურა. დანაშაულის თანამონაწილედ ასახელებდა ჯეიზის სახელით ცნობილ მომღერალს შონ კარტერს. დაზარალებულმა რამდენიმე დღის წინ სარჩელი უკან გაიხმო. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ვინაობის გამჟღავნების და მედიაში მოსალოდნელი აჟიოტაჟის შეეშინდა. ქომბსის და ჯეიზის ადვოკატები ამ ფაქტს სამართლებრივ ბრძოლაში პირველ გამარჯვებად მიიჩნევენ.
ე.წ. თეთრ წვეულებებს შონ ქომბსის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ცენტრალურ ადგილი უკავია. ბრალდების მიხედვით, წვეულებების მონაწილე ქალებს და ზოგჯერ კაცებს სექს მომსახურებას აიძულებდნენ. მეგავარსკვლავი, რომელიც უმძიმესი ბრალდებებით სექტემბერში დააკავეს, დღესაც ამტკიცებს, რომ წვეულებებზე სექსუალური კავშირები ნებაყოფლობით, ან რომანტიკული ინტერესით ხდებოდა და გაუპატიურებებს ადგილი არ ჰქონია.
საქმის მასალებით კი დგინდება, რომ წვეულებებზე სტუმრებს სასმელში დაუკითხავად უყრიდნენ ნარკოტიკებს. ხშირად, გაუპატიურების მომენტში იღებდნენ ვიდეოებს, რათა მსხვერპლს ვიდეოს გავრცელების შიშით სასამართლოში არ ეჩივლა. გამოძიების ვერსიით, დანაშაულში რეპერის კომპანიის ათობით თანამშრომელი იყო ჩართული. ყოველწლიურად, წვეულებებს უამრავი ცნობილი სახე და ჰოლივუდის ვარსკვლავი ესწრებოდა, თუმცა ვინ მონაწილეობდა თეთრი წვეულებების შავ საქმეებში, ჯერ კიდევ გამოძიების საგანია.