მუსიკალურ პროდიუსერსა და რეპერს, შონ "დიდი" ქომბსს სექსუალურ ძალადობაში კიდევ 3 ადამიანი ადანაშაულებს.
ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოს ადვოკატ ტომას გიუფრას დახმარებით ანონიმურმა პირებმა მიმართეს.
ბრალმდებლების თქმით შემთხვევები 2019-2022 წლებში მოხდა. ყველა ამბობს, რომ ქომბსმა მათზე სექსუალურად იძალადა.
ერთ-ერთი ბრალმდებლის თქმით, რომელიც რეპერის დიდი ხნის თანამშრომელია, ქომბსთან ნიუ-იორკში, სასტუმროში საქმიანი შეხვედრა ჰქონდა. როგორც კაცი იხსენებს, რეპერმა ალკოჰოლი შესთავაზა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებით იყო გაზავებული.
"2 წუთში თავი ძალიან დაღლილად ვიგრძენი, მეძინებოდა". – წერია საქმეში. როგორც კაცი იხსენებს, თითქმის გონებადაკარგული იყო, როდესაც რეპერმა გააუპატიურა.
შონ ქომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს. მომჩივანთა შორის იყო დიდის ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ქომბსის ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, რეპერი 2024 წლის 16 სექტემბერს, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, მაინც დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს.