ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების მედია ავრცელებს.
ამერიკული ტელეკომპანია „სიენენის" ცნობით, საქმის დეტალებში ჩახედული ამერიკელი მაღალჩინოსანი იტყობინება, რომ კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგების საპასუხოდ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას შორი მოქმედების რადიუსის მქონე ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების ნებას აძლევს.
შორი მოქმედების რადიუსის მქონე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილებოდა. ოფიციალურ პირთა ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამდა ომის ესკალაციის, ნაწილი კი იარაღის მარაგის შემცირების გამო.
გერმანული tagesschau-ს ინფორმაციით, კიევის ხელისუფლებას შორი მოქმედების რადიუსის (300 კმ) მქონე ამერიკული იარაღის გამოყენებით პირველი თავდასხმის განხორციელება უახლოეს დღეებში სურს.