უკრაინა შესაძლოა, ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის გახდეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Der Spiegel-თან განაცხადა.

მიშელის თქმით, ასეთი სცენარის განვითარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას“.

„უკრაინამ და სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა, რომელთაც გაწევრიანება სურთ, უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამავდროულად, მიშელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

„რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირშია და ამავდროულად – მალე და არა ოდესმე“, – დასძინა შარლ მიშელმა.