სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის, განცხადებით, ბალკანეთის რეგიონსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, დღის წესრიგში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ხელახლა შემოღების საკითხი დგას.

„ჩვენ არავის ვემუქრებით. დღესდღეობით თუ არ გყავს ძლიერი არმია, არ გაქვს სახელმწიფო“, - ალექსანდრ ვუჩიჩი.

სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად როდის დაიწყება სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენაზე მუშაობა. ასევე, უცნობია აღდგენის შემთხვევაში, სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობაც.

“სერბეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, უფრო ეფექტური დაკომპლექტებისა და აქტიური სარეზერვო დანაყოფების უკეთ მომზადების მიზნით, სერბეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სერბეთის პრეზიდენტსა და შეიარაღებული ძალების მეთაურს, ალექსანდარ ვუჩიჩს სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა შესთავაზეს. სერბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წინადადებას წინ უძღოდა სერბეთის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების დეტალური განხილვა და სიღრმისეული ანალიზი“, - ნათქვამია სერბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სერბეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური 2011 წელს გაუქმდა, თუმცა, მის აუცილებლობასთან დაკავშირებით წარმოებულმა ხანგრძლივმა კამპანიამ, დღის წესრიგში მისი აღდგენის საკითხი დააყენა.