ტრამპი რუსეთთან მიმართებით კარს ღიას ტოვებდა, ახლა ეს კარი დახურვის პირასაა, - ამის შესახებ აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის კუთხით გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. თვეების განმავლობაში პრეზიდენტი ტრამპი პუტინის სამშვიდობო მაგიდასთან მოყვანას ცდილობდა. მან ტარიფები დააწესა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ფენტანილს უშვებენ და სხვაგვარად ცუდად იქცევიან. რუსეთთან მიმართებით კი კარი ღია დატოვა - ახლა ეს კარი დახურვის პირასაა.

მე 85 თანასპონსორი მყავს აშშ-ს სენატში საკონგრესო სანქციებისთვის, რომელიც უროს წარმოადგენს პრეზიდენტი ტრამპისთვის, რომ პუტინის ეკონომიკისა და იმ ქვეყნების წინააღმდეგ წავიდეს, რომლებიც პუტინის ომის მანქანას ზურგს უმაგრებენ.

ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია რუსეთისგან ყოველგვარ ნავთობპროდუქტსა და სხვა სახის პროდუქციას ყიდულობენ. ამ ფულს პუტინი ომისთვის იყენებს და ეს საკონგრესო პაკეტი, რასაც უყურებთ, პრეზიდენტ ტრამპს მისცემს შესაძლებლობას, 500%-იანი ტარიფი დააწესოს ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც რუსეთს ეხმარება და პუტინის ომის მანქანას მხარს უჭერს", - განაცხადა გრემმა.