საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა, განაცხადა, რომ სამეფო იტოვებს უფლებას, სამხედრო პასუხი გასცეს ირანს, საუდის არაბეთის დედაქალაქის თავზე ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებისა და ნავთობის ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ. ამის შესახებ ფარჰანმა რეგიონში ირანის თავდასხმების შესახებ არაბული და ისლამური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იუწყება CNN.

"ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ზომები მივიღოთ და თუ დრო დადგება, სამეფოს ხელმძღვანელობა მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებას.

ჩვენ არ მოვერიდებით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკური რესურსების დაცვას. ირანის დღევანდელი გზავნილი ძალიან ნათელი იყო. ერ-რიადზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც იქ რამდენიმე დიპლომატი ხვდებოდა ერთმანეთს, დამთხვევად არ მიმაჩნია", - განაცხადა ფარჰანმა.

მინისტრის თქმით, ირანს "მეზობლებთან მოლაპარაკებების არ სჯერა".

"ის ცდილობს მეზობლებზე ზეწოლას. და კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ გამოვა", - თქვა მან.

ბინ ფარჰანის თქმით, საუდის არაბეთი "ზეწოლას არ დაექვემდებარება" და ეს ზეწოლა "უკუშედეგს გამოიღებს".

18 მარტს ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანის უდიდეს გაზის საბადოზე, სამხრეთ ფარსზე, ასევე ასალუიეს რეგიონში არსებულ სხვა ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორ ნავთობგადასამუშავებელ ობიექტში, რომელთა ჯამური სიმძლავრე დღეში დაახლოებით 100 მილიონი კუბური მეტრია, წარმოება შეჩერდა.

საპასუხოდ, ირანის ძალებმა კატარის სამრეწველო ქალაქ რას ლაფანის მასშტაბური დაბომბვა დაიწყეს, რამაც ქვეყნის გაზის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

რამდენიმე საათის შემდეგ, ირანმა რას ლაფანზე იერიში მეორე ბალისტიკური რაკეტით მიიტანა, რამაც QatarEnergy-ში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

ასევე საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ თავს დაესხნენ ერ-რიადში ორ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას.