თეთრი სახლის საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, პრეზიდენტმა ტრამპმა ზოგიერთი  სასოფლო-სამეურნეო  პროდუქტის იმპორტზე დაწესებული საბაჟო ტარიფები გააუქმა.

გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, მათ შორის ცხრა ჩარჩო შეთანხმების, ორი საბოლოო ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების და ორი საინვესტიციო შეთანხმების დადების, ასევე გარკვეულ პროდუქტებზე მიმდინარე შიდა მოთხოვნისა და არსებული შიდა წარმოების სიმძლავრის გათვალისწინებით, დადგენილია ცვლილებების აუცილებლობა და მიზანშეწონილობა და გარკვეული საკვები პროდუქტები, რომლებიც არ იწარმოება შეერთებულ შტატებში, აღარ დაექვემდებარება ამ ტარიფებს. 

პროდუქტების ჩამონათვალი მოიცავს ყავას და ჩაის, ტროპიკულ ხილს და ხილის წვენებს, კაკაოს და სანელებლებს, ბანანს, ფორთოხალს, პომიდორს, საქონლის ხორცს.
 
დონალდ ტრამპის მტკიცებით, ტარიფებით ქვეყანა „ტრილიონობით დოლარს“ იღებს, აშშ-ის მთავრობის მონაცემები კი  აჩვენებს, რომ საბაჟო შემოსავლები, მათ შორის ტარიფები, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე 179 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამასთან, უზენაესი სასამართლო ამჟამად განიხილავს პრეზიდენტის მიერ დაწესებული ამ ტარიფების კანონიერებას, - წერს „ლე პარიზიენი“ და აღნიშნავს, რომ ტარიფების გაუქმების შესახებ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება არის ადგილობრივ არჩევნებში გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ რესპუბლიკელების უმრავლესობის მიერ ცხოვრების ღირებულების საკითხის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად აღიარების შედეგი.

ამ კვირაში თეთრმა სახლმა ასევე ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ ზომებს, მიმართულს აუცილებელი საქონლის, როგორიცაა ბენზინი და კვერცხი, ფასების შემცირებისკენ, აგრეთვე წონაში დასაკლები  ზოგიერთი მედიკამენტის ფასების შემცირების შესახებ შეთანხმების გამოცხადებას. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ პრეზიდენტი ასევე ემზადება ქვეყნის მასშტაბით თავისი მოგზაურობების ოდენობის გაზრდის და ამ გზით თავის ეკონომიკური გზავნილის მოსახლეობის ფართო მასებამდე მიტანისთვის. 

მით უმეტეს, რომ დონალდ ტრამპი რეგულარულად ამაყობს თავისი ეკონომიკური მიღწევებით და, როგორც ნებისმიერ ამერიკელი ლიდერს, ახსოვს, რომ  პოლიტიკური სტრატეგის,  ჯეიმს კარვილის სიტყვებმა, „ეს ეკონომიკაა, სულელო!“ - ნათქვამმა ბილ კლინტონის საარჩევნო შტაბის წევრების წინაშე და მაშინვე ქცეულმა  ერთ-ერთ ძირითად საარჩევნო ლოზუნგად, მნიშვნელოვანწილად განაპირობა დემოკრატების კანდიდატის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, წერს „ლე პარიზიენი“ ტარიფების შემცირების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.