გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმების დიდი უმრავლესობით მოიწონა და მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც აერთიანებს უკრაინის მიერ 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ ძირითად დებულებებს.  

გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიღებული რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის მიმართ „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. 

რეზოლუცია ასევე მოითხოვს ომის ტყვეებისადმი სათანადო მოპყრობას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრულ პატივისცემას და „უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას“.

ცალკე აღინიშნა „უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე შესაბამისი, სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიებების და დევნის გზით“.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარყო ბელორუსის ორი შესწორება, რომლებიც რეზოლუციის „გაბუნდოვნებას“ ისახავდა მიზნად. პირველი ეხებოდა უცხოელი ლიდერების განცხადებების დაგმობას „მინსკის შეთანხმებებთან“ დაკავშირებით, ხოლო მეორე უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე რეზოლუციას მხარი 141 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, თავის შეიკავა 32-მა ქვეყანამ, მათ შორის ინდოეთმა, ირანმა, სომხეთმა, უზბეკეთმა, ყაზახეთმა, ჩინეთმა, 7 (ბელარუსი, ერითრეა. მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია და ჩრდილოეთ კორეა) კი წინააღმდეგი იყო.

 

 

.